აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის რეგიონში სუფთა ენერგიის სფეროში ინვესტიციებისა და ინოვაციების მოსაზიდად ახალ ცენტრს ქმნის

მანილა, ფილიპინები (18 ივნისი 2014) – დღეს, აზიის სუფთა ენერგიის მე-9 ფორუმზე საფუძველი ჩაეყარა “მდგრადი ენერგია ყველასათვის” ცენტრის წამოწყებას აზიის წყნარი ოკეანის რეგიონისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მობილიზებას და ინოვაციური გზების მოძიებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები ხალხების სუფთა და თანამედროვე ენერგიით უზრუნველსაყოფად.

"განვითარებადი აზია წარმოადგენს ადგილს, სადაც ცხოვრობს მსოფლიოს ენერგეტიკულად ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ცხოვრობს 600 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი საკვების მოსამზადებლად და საკუთარ სახლებში სითბოს უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ისეთ საწვავს იყენებს, როგორიცაა შეშა ან ნახშირი", _ განაცხადა ბინდუ ლოჰანიმ, აზიის განვიტარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ცოდნის მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხებში.

"თუმცა, ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ენერგეტიკული სიღარიბე მდგრადი, ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე ენერგორესურსების დანერგვით. ახალი ცენტრის დაფუძნებით ჩვენ ინვესტორებს, ინოვატორებსა და ექსპერტებს მიზნის მისაღწევად ვაერთიანებთ".

ცენტრი წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიისა (UNESCAP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პარტნიორობას. ADB კი გამოვა ცენტრის მასპინძლისა და მმართველის როლში.

ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთს იმ სამ რეგიონულ ცენტრთაგან, რომელიც 2011 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ჩამოაყალიბა გლობალური ინიციატივის: “მდგრადი ენერგია ყველასათვის” ფარგლებში და რომლის მიზანიც 2030 წლისათვის შემდეგი სამი ამოცანის მიღწევაა: თანამედროვე ენერგო სერვისებისადმი უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფა; ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ყოველწლიური გლობალური კოეფიციენტის გაორმაგება; და გლობალურ ენერგეტიკულ ნაზავში განახლებადი ენერგიის წილის გაორმაგება.

ცენტრი ADB-ის, გაეროს განვითარების პროგრამისა და EშჩAP-ის ენერგეტიკული პროგრამების, ასევე ქვეყანებისათვის აღმოჩენილი მხარდაჭერის არსებულ სტრუქტურებს გამოიყენებს სწრაფი შეფასებების ჩასატარებლად, პოლიტიკის დონეზე კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად, ინვესტიციების სტიმულირებისა და სუფთა ენერგიის განვითარების ორმხრივი და გლობალური ფონდების მობილიზებისათვის.

აზიის რეგიონში ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რაც რეგიონის ეკონომიკის გაფართოების ტემპებითა და მოსახლეობის ქალაქებში გადასახლებით არის გამოწვეული, სადაც ენერგიის გამოყენება უფრო მაღალია. 2035 წლისათვის განვითარებადი აზია გლობალური პირველადი ენერგიის მოხმარების 56%-ს მოიხმარს, აღნიშნული მაჩნვენებელი 2010 წელს მხოლოდ 34% პროცენტია. იმისათვის, რომ დავიცვათ გარემო, აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიის მზარდი გამოყენებითა და უფრო მეტი ენერგოეფექტურობის მიღწევით.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 2030 წლისათვის ენერგიაზე სრული წვდომის მიღწევას 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია სჭირდება.

აზიის სუფთა ენერგიის მე-9 ფორუმი ADB-ის მანილის სათავო ოფისში 16-20 ივნისს მიმდინარეობს. ფორუმს 1000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება, მათ შორის პოლიტიკოსები, პროექტის დეველოპერები, ინვესტორები და ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც რეგიონის მდგრად ენერგეტიკულ განვითარებას განიხილავენ. გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც წარმოდგენილნი იქნებიან ენერგეტიკის მინისტრები შემდეგი ქვეყნებიდან: ბუტანი, იაპონია, მალდივები, ფილიპინები და ტაჯიკეთი. მინისტერიალზე მოხდება სამგვარი ენერგეტიკული პრობლემის განხილვა, რომელიც ენერგიის ხელმისაწვდომობას, მდგრადობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება. აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა საქართველოდან 2 წარმომადგენლის გამგზავრება სუფთა ენერგიის მე-9 ფორუმზე. ქ-ნი მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ქ-ნი ნათია მიქელაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მონაწილეობას იღებენ ფორუმის მუშაობაში. შეხვედრებზე, რომლებიც ფორუმამდე გაიმართა, ADB-მა ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს აბუდაბიში დაფუძნებულ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან სუფთა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების ცოდნის გაზიარების თაობაზე.

ენერგიის ხელმისაწვდომობა, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა ADB-ის პრიორიტეტებს წარმოადგენს. 2013 წელს, ADB-მა სუფთა ენერგიის სფეროში 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და წელიწადში მინიმუმ 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო. აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2013 წელს აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობამ $21 მილიარდი დოლარი შეადგინა, $6.6 მილიარდი დოლარი თანადაფინანსების ჩათვლით.