ADB-ის $70 მილიონიანი სესხი საქართველოში სამუშაო უნარების მოდერნიზებას მოხმარდება

News Release | 8 December 2020

მანილა, ფილიპინები (8 დეკემბერი  2020) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას დაეხმარება, ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაყოფიერებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.   

სექტორული განვითარების პროგრამა — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის ­— საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი პროგრამაა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„განათლება და უნარების განვითარება 21-ე საუკუნის ყველა წარმატებული ეკონომიკის საფუძველია,“ განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის სოციალური სექტორის განყოფილების დირექტორმა რიე ჰირაოკამ. „ADB-ის პროგრამა ხელს შეუწყობს უნარების განვითარებას და გააუმჯობესებს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში, გაზრდის კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურის პოვნისა და შემოსავლების მატების შანსებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რბილი უნარები, მათ შორის კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა.“

2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი კანონი ქვეყანაში პროფესიული განათლებისა და მომზადების გასაძლიერებლად, თუმცა, ეს მიმართულება საჭიროებს პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას და ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას, რადგან დღევანდელი მდგომარეობით შეიმჩნევა სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სისტემის მიერ მომზადებულ კადრებს შორის შეუსაბამობა. 

კოვიდ-19-ით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. ის დააფინანსებს ელექტრონული სწავლების დაწყებას და გადაამზადებს ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებში დასაქმებულებს, რათა მათ ახალი უნარების შეძენასა და იმ სფეროებში დასაქმებაში დაეხმაროს, სადაც მზარდია მოთხოვნა.  

„განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტულ საშუალებებს პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გასაზრდელად ქალებისათვის, ასევე  ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. „საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი პოტენციალის რეალიზება, ADB-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.“  

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. აქ მაღალი ხარისხის მომზადება-გადამზადება მოხდება ეკონომიკის შვიდ პრიორიტეტულ დარგში: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

ADB-ის პროგრამა ეხმარება ინსტიტუციურ რეფორმებს, როგორიცაა ახალი რეგულაციური ჩარჩო ზრდასრულთა განათლებისთვის, ჩარიცხვის წესები პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში და უფრო სამართლიანი დაფინანსების სქემის შემუშავება ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გასაზრდელად. სხვა განსახორციელებელი რეფორმები გულისხმობს პროფესიული განათლების და მომზადების ბიუჯეტის 23%-ით ზრდას, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასების 30%-ით ზრდას, კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდას პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას შრომითი სტანდარტებისა და სამუშაო ადგილზე სწავლების განვითარებაში, კერძო-საჯარო პარტნიორობის დაწყებას და მთავრობის ვაუჩერების პროგრამის გაგრძელებას სტუდენტებისთვის, რომლებიც კერძო პროფესიული განათლების ინსტიტუციებში პრიორიტეტულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან.  

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.