თბილისი, საქართველო (10 დეკემბერი 2021) — აზიის განვითარების  ბანკმა (ADB) სს საქართველოს ბანკთან ხელი მოაწერა 100 მილიონი აშშ დოლარის ($) ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად. დაფინანსების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალ მეწარმეებზე და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე საჭირო ფინანსებზე კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეული გახანგრძლივებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიზნით.

სრული დაფინანსება მოიცავს $200 მილიონის ოდენობის სესხს (ან მის ექვივალენტს ლარში), რომელიც  ADB-ის, როგორც წამყვანი ორგანიზატორის მიერაა კოორდინირებული და შედგება $100 მილიონის სესხისგან ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და $100 მილიონის სესხისგან, რომელიც გაიღო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA). ეს პროექტი JICA-სთვის პირველია 2012 წლის შემდეგ საქართველოში განხორციელებული კერძო სექტორის ინვესტირებისა და დაფინანსების ფარგლებში.

ADB ასევე გამოუყოფს საქართველოს ბანკს ტექნიკურ დახმარებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე ქალების დასახმარებლად, რომლებიც მოწყვლადი არიან კოვიდ-19-ის პანდემიის ეკონომიკური ზეგავლენის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია. ქალ მეწარმეებს განსაკუთრებით უჭირთ ფინანსურ სახსრებზე წვდომა ბიზნესის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის.  

“ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს საუკეთესო პარტნიორებთან, რომელთა მიზნები ემთხვევა ჩვენს მიზნებს,“ განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის მიმართულებით აშოკ ლავასამ. „ამ შემთხვევაში ორივე ორგანიზაციის მიზანია მიაღწიოს ფინანსებზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას, გენდერულ თანასწორობას, სამუშაო ადგილების შექმნას და შეღავათიანი ფინანსური სერვისების მიწოდებას. ეს პროექტი ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება.“

“პროექტი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას გენდერული დისპროპორციის შესამცირებლად,“ განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ. „ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ბანკს „ქალები ბიზნესში“ პროგრამის დანერგვაში მიკრო, მცირე და საშუალო ქალი მეწარმეებისთვის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენის შესარბილებლად.“  

„ეს ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქალების სოციალურ წინსვლას შეუწყობს ხელს ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების გზით,“ განაცხადა JICA-ს კერძო სექტორის თანამშრომლობისა და დაფინანსების დეპარტმენტის გენერალურმა დირექტორმა შოჰეი ჰარამ.

„მოხარული ვარ ADB-სა და JICA-სთან წარმატებული თანამშრომლობის გამო, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მეტად საჭირო  გრძელვადიანი დაფინანსება,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსების მიმართულებით სულხან გვალიამ. „ეს JICA-თან ჩვენი პირველი თანამშრომლობაა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ 2012 წლიდან დღემდე მათი კერძო სექტორის ინვესტირებისა და დაფინანსების სქემის პირველი პარტნიორი გავხდით საქართველოში. მადლობას ვუხდი ADB-სა და JICA-ს და მოუთმენლად ველი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.“

საქართველოს ბანკი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომლის სერვისები მოიცავს საცალო და კორპორატიულ საბანკო სერვისებსა და საგადახდო სისტემებს. საქართველოს ბანკი მთავარი მოთამაშეა საგადახდო სერვისების ბაზარზე და ფინანსური მობილური აპლიკაციის მიმართულებით, საცალო და კორპორატიული ბანკინგის ძლიერი ქსელითა და ფოკუსით სერვისების მზარდ გაციფრულებასა და მონაცემთა ანალიზზე.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.  

Media Contact