fbpx აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სესხს გამოუყოფს | Asian Development Bank

აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სესხს გამოუყოფს

News from Country Offices | 17 April 2019

თბილისი, საქართველო (17 აპრილი) — აზიის განვითარების ბანკი (ADB) კრედო ბანკს (კრედო) 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი აშშ დოლარი) სესხსა და 500,000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს გამოუყოფს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად. აღნიშნული ფინანსური ხელშეწყობა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სესხები ლარში გაიცემა და ასევე გაამყარებს ეროვნულ ვალუტას, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისა და ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საკრედიტო რისკების შემცირებას ემსახურება. 

„ეს ADB-ის მიერ კრედოსთან განხორციელებული მეორე პროექტია და ბანკს საშუალებას აძლევს გააფართოვოს მომსახურების სფერო და მოიცვას მცირე ბიზნესი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობა ქალია,“ - განაცხადა რაინერ ჰარტელმა, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა. - „ვამაყობთ, რომ კრედო ბანკთან თანამშრომლობით ვაფართოვებთ მომსახურების სფეროს, ვზრდით ეკონომიკურ საქმიანობას რეგიონებში, ხელმისაწვდომს ვხდით საცხოვრებელს და ხელს ვუწყობთ საქართველოს მდგრად და მრავალმხრივ განვითარებას.“

კრედოს გრძელვადიანი სესხი განსაკუთრებით დაეხმარება ოჯახებს, რომელთაც ქალები უძღვებიან. ისინი ბანკის კლიენტების უმრავლესობას წარმოადგენენ. ახალი საკრედიტო ხაზით მოსახლეობა არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არამედ, სოფლადვე შემოსავლის გაზრდას შეძლებს ახალი ბიზნეს შესაძლებლობების დამატების გზით. ტექნიკური დახმარება მიზნად ისახავს კრედოს წვდომას რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე 1,300 სოფელზე, გადახდის ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებით, ანაბრებით, სასესხო მომსახურებებით, ასევე ფინანსური ცოდნის ამაღლებითა და სამეწარმეო ტრენინგების ჩატარებით.

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 43%  სოფლად ცხოვრობს, 27% რაიონულ ცენტრებში და მათი უმრავლესობა სოფლის მეურნეობას მისდევს ან მცირე საწარმოებშია დასაქმებული. არსებული დახმარება ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და რეგიონებში არსებული სიღარიბი დონის შემცირებას.

ADB-ს 2007 წლიდან საქართველოს ბანკებზე არასუვერენული სესხების სახით 225 მილიონი აშშ დოლარი აქვს გაცემული. 

კრედო წამყვანი მომსახურე ბანკია ოჯახებისა და მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოში. ის დაახლოებით 230,000 მცირე მსესხებელს საშუალოდ 2,300 ლარის ოდენობის სესხის მოცულობით ემსახურება, კლიენტთა 50% კი ქალია.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.