მანილა, ფილიპინები (21 სექტემბერი 2022) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ისევ შეამცირა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მზარდი გამოწვევების ფონზე, რაც გულისხმობს ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ გახანგრძლივებულ კრიზისს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების გამო გამოცხადებულ კარანტინებს.

მიმდინარე წელს მოსალოდნელია რეგიონის ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდა, ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევი 5.2%-იანი ზრდის საპირისპიროდ, ნათქვამრია დღეს გამოცემულ აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლებულ ვერსიაში. მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 4.9%-მდე შემცირდა, ინფლაციის მოლოდინი კი რეგიონში გაიზარდა. ჩინეთის გამოკლებით, დანარჩენი განვითარებადი აზიის ზრდა 2022 და 2023 წლებში 5.3%-ით განისაზღვრა.

ეკონომიკის ზრდას ასტიმულირებს შიდა მოხმარება და ინვესტიციები, რადგან რეგიონის ეკონომიკები აგრძელებენ პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ვაქცინაციის ხელმისაწვდომობითა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებით. მიუხედავად ამისა, გახანგრძლივებულმა საომარმა ოპერაციებმა უკრაინაში გაზარდა გლობალური არასტაბილურობა, შეაფერხა მომარაგება და შეარყია ენერგეტიკისა და საკვების ბაზრები. შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიული გამკაცრება ამცირებს გლობალურ მოთხოვნას და აშფოთებს ფინანსურ ბაზრებს. ამასობაში კოვიდ-19-ის პერიოდულმა გავრცელებამ და ახალმა კარანტინებმა ჩინეთის, რეგიონის უდიდესი ეკონომიკის ზრდა შეაფერხა.

„განვითარებადი აზია განაგრძობს გაჯანსაღებას, მაგრამ რისკები მაღალია,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემცირება საფრთხეს შეუქმნის საექსპორტო მოთხოვნას რეგიონში. მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელზე მეტად გამკაცრება განვითარებულ ეკონომიკებში შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობის მიზეზი გახდეს. ამასთან, ახალი კარანტინები და სუსტი უძრავი ქონების სექტორი ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას გამოწვევებს უქადის. განვითარებული აზიის მთავრობებმა ამ რისკების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და საჭირო ნაბიჯები გადადგან ზრდის შეფერხების გარეშე ინფლაციის შესაკავებლად.“

მსოფლიოს მთავარი განვითარებული ეკონომიკების ზრდა 2022 წელს 1.9%, ხოლო 2023 წელს 1.0% არის მოსალოდნელი, რაც წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე ნაკლებია. მაღალმა ინფლაციამ აშშ-სა და ევროზონას მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრებისკენ უბიძგა და შეამცირა მოთხოვნა ამ ეკონომიკებში, რაზეც განგრძობით გავლენას ახდეს მომარაგების ჯაჭვის შეფერხება და უკრაინაში რუსეთის საომარი ოპერაციებით გამოწვეული გაურკვევლობა.

ADB-მ განვითარებად აზიაში ინფლაციის პროგნოზი წელს 4.5%-ით გაზარდა, წლის დასაწყისში ნავარაუდევ 3.7%-თან შედარებით. მომავალი წლის პროგნოზი 4.0%-ია ნაცვლად 3.1%-სა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ინფლაცია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე დაბალია, მომარაგების შეფერხება საკვებისა და საწვავის ფასებს გამუდმებით ზრდის.

წელს ჩინეთის ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევ 5.0%-დან 3.3%-მდე შემცირდა. ეს ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი წელია, როცა დანარჩენი განვითარებადი აზიის ეკონომიკა ჩინეთზე სწრაფად გაიზრდება. ინდოეთის ზრდის პროგნოზი 7.5%-დან 7.0%-მდე შემცირდა, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო.

ინდონეზიასა და ფილიპინებში ძლიერი შიდა მოთხოვნა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის პროგნოზის 5.1%-მდე გაუმჯობესებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოთხოვნის შესუსტებულმა მოლოდინებმა მომავალი წლისათვის ზრდის პროგნოზი შეამცირა. 2022 წლის პროგნოზი ასევე გაუმჯობესდა კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.9%-იანი ზრდის პერსპექტივით, ხოლო, წყნარი ოკეანის რეგიონისთვის ზრდა 4.7%-ითაა ნავარაუდევი, პანდემიის შემდეგ აღდგენილი ტურიზმის შედეგად.

აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლება თემატურ თავსაც მოიცავს, სახელწოდებით „მეწარმეობა ციფრულ ხანაში.“ თავი მიმოიხილავს ციფრული მეწარმეობის უნარს სათავეში ჩაუდგეს მეტ ეკონომიკურ ზრდას და ინოვაციას და რეგიონის მთავრობების შესაძლებლობებს შექმნან ციფრული მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

GDP growth rate, % per year

Media Contact