მანილა, ფილიპინები (20 სექტემბერი 2023) — აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკის მყარ აღმასვლას ელოდებიან, მიუხედავად მზარდი რისკებისა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში.  

პროგნოზის მიხედვით, რეგიონის განვითარებადი ეკონომიკები წელს 4.7%-ით გაიზრდება, რაც მანამდე ნავარაუდევ 4.8%-თან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირებულია, წერია დღეს გამოქვეყნებულ 2023 წლის აზიის განვითარების პროგნოზის სექტემბრის გამოცემაში. მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-ზე შენარჩუნდა.  

მიმდინარე წლის დასაწყისში რეგიონის ეკონომიკური ზრდის აღმასვლა დაფიქსირდა, რაც ჯანსაღმა შიდა მოთხოვნამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (ჩინეთი) გახსნამ განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით არასაიმედო გლობალურმა მოლოდინებმა ექსპორტზე მოთხოვნა შეამცირა. ტურიზმის აღდგენა, მედეგი მომსახურების სექტორები, რეგიონში ფულის გადარიცხვის მყარი ნაკადი და გაუმჯებესებული ფინანსური მდგომარეობა ყველა ერთად ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობას და გასულ წელს პიკს მიღწეული ინფლაცია ეკონომიკების უმრავლესობაში იკლებს. 

თუმცა, რეგიონის პერსპექტივებს აფერხებს ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში არსებული სიმყიფე. მსოფლიოს მასშტაბით არსებულმა მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ფინანსური არასტაბილურობის რისკი გაზარდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გახანგრძლივებით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პერიოდული რღვევები, ექსპორტის შეზღუდვა და ელ-ნინიოს გამო გვალვებისა და წყალდიდობების გაზრდილი რისკები შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს საკვებზე ფასების მატების მიზეზი და სურსათის უზრუნველყოფა გამოწვევის წინაშე დააყენოს.  

“განვითარებადი აზია მყარ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს და ინფლაციის წნეხი მცირდება,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „რეგიონის ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღმასვლას. მიუხედავად ამისა, მთავრობები ყურადღებით უნდა მოეკიდონ რეგიონის წინაშე არსებულ რისკებს. ჩინეთში უძრავი ქონების სექტორის სიმყიფე პრობლემად რჩება. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები და ელ-ნინიოს შედეგები გვახსენებს, რომ ეკონომიკებმა უნდა ითანამშრომლონ მედეგობის შესაქმნელად და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის დასაცავად.    

წელს განვითარებად აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში 3.6% ინფლაციას ელოდებიან მანამდე ნავარაუდევ 4.2%-თან შედარებით. ეს უმეტესწილად ჩინეთში დაბალი ინფლაციის შედეგია, სურსათსა და ენერგოპროდუქტებზე დასტაბილურებული ფასების კვალდაკვალ. მომავალ წელს ჩინეთში 3.5%-იან ინფლაციას ელოდებიან.   

განვითარებადი აზიის ქვერეგიონებს შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ექსპორტზე შესუსტებული მოთხოვნის გამო 4.7%-დან 4.6%-მდე შემცირდა. სამხრეთი აზიის ზრდის პროგნოზის 0.1%-ით 5.4%-მდე შემცირდა, თუმცა ძლიერი ინვესტიციებისა და მოხმარების წყალობით, ის ყველაზე სწრაფად მზარდ ქვერეგიონად რჩება. აღმოსავლეთ აზიის მოლოდინები 4.6%-დან 4.4%-მდე შემცირდა, მათ შორის ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი აპრილში ნავარაუდევი 5.0%-დან 4.9%-მდე. ზრდის პროგნოზები გაიზარდა კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.  

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.  

Media Contact