მანილა, ფილიპინები (22 სექტემბერი 2021) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB)  შეამცირა განვითარებადი აზიის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის გახანგრძლივების ფონზე.

ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული გამოცემა წელს განვითარებად აზიაში 7.1% ზრდას პროგნოზირებს, რაც აპრილში ნავარაუდევ 7.3%-იან ზრდას ჩამოუვარდება. 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 5.4%-მდე გაიზარდა. კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტები, ხელახალი ადგილობრივი გავრცელებები, სხვადასხვა შეზღუდვისა და კარანტინის აღდგენა და ასევე ნელი და არასტაბილური ვაქცინაცია რეგიონის  ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

„განვითარებადი აზია კოვიდ-19-ის პანდემიის წინაშე კვლავაც მოწყვლადია, ვინაიდან სახეზე გვაქვს ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც ზოგიერთ ეკონომიკაში გადაადგილების შეზღუდვამდე მივყავართ,“ განაცხადა ADB-ის მთავარი ეკონომისტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯოზეფ ზვეგლიჩმა. „სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომები უნდა მიიმართოს არა მხოლოდ გავრცელების შეჩერებასა და ვაქცინაციაზე, არამედ უნდა გაგრძელდეს ბიზნესებისა და ოჯახების დახმარება და ეკონომიკის დარგებისთვის ახალი ორიენტირის დასახვა, შექმნილ რეალობაზე მოსარგებად, როცა პანდემია უკან დაიხევს და ბიძგს მისცემს ეკონომიკურ აღდგენას.“

კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვი განვითარებად აზიაში აპრილში დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად გაიზარდა. დაინფიცირების მაჩვენებელმა პიკი მაისში აჩვენა, როცა დღიური შემთხვევების რიცხვმა 430, 000-ს მიაღწია.  163,000-ზე მეტი დღიური შემთხვევა დაფიქსირდა 31 აგვისტოს. ამავდროულად ვაქცინაციის მიმდინარეობა განვითარებულ აზიაში არამდგრადია და განვითარებულ ეკონომიკებს ჩამორჩება. 31 აგვისტოს მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის 28.7% იყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილი, აშშ-ში აცრილი მოსახლეობის 51.8%-სა და ევროკავშირის 58.0%-ის ფონზე.

რეგიონში ეკონომიკური გაჯანსაღების გზა კვლავაც არასტაბილური რჩება. წელს აღმოსავლეთ აზიის ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევი 7.4%-დან 7.6%-მდე გაიზარდა, რეგიონიდან საწვავის ექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. აღმოსავლეთ აზიის ზრდის პროგნოზი 2022 წლისათვის 5.1%-ზე რჩება. ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელია რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკისთვის — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2021 წელს ისევ 8.1%-იან, ხოლო 2022 წელს — ­5.5%-იან ზრდას ელიან.  

პროგნოზი გაუმჯობესდა წელს ცენტრალურ აზიაში 3.4%-დან 4.1%-მდე სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის გაზრდილი მოლოდინების ფონზე. გაუმჯობესდა ქვერეგიონის ზრდის თვალთახედვა 2022 წლისათვის 4.0%-დან 4.2%-მდე.

ADB წელს მხოლოდ 8.8%-იან პროგრესს ელოდება სამხრეთ აზიაში, მაშინ როცა ქვერეგიონის ეკონომიკის ზრდას აპრილში 9.5%-ით იმედოვნებდნენ. სამაგიეროდ გაუმჯობესდა 2022 წლის მოლოდინი 6.6%-დან 7.0%-მდე. ქვერეგიონის უდიდესი ეკონომიკის — ინდოეთის ზრდის პროგნოზი 11.0%-დან 10.0%-მდე შემცირდა, ხოლო 7.0%-დან 7.5%-მდე გაუმჯობესდა მომავალი წლის მოსალოდნელი ზრდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ზრდის პროგნოზიც შემცირდა, რადგან ქვერეგიონები კვლავაც ცდილობენ ვირუსის ახალ ვარიანტებთან გამკლავებას, განიცდიან გახანგრძლივებული შეზღუდვებისა და კარანტინების და ასევე ვაქცინაციის ნელი ტემპების უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 2021 და 2022 წლების ზრდის პროგნოზები შესაბამისად 4.4%-დან 3.1%-მდე და 5.1%-დან 5.0%-მდე შემცირდა. წყნარი ოკეანის ეკონომიკების ზრდის  მოლოდინი წელს 1.4%-დან 0.6%-მდე მცირდება, ხოლო 2022 წელს 4.8%-მდე გაიზრდება.

განვითარებად აზიაში ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას წელს 2.2% და 2022 წელს 2.7%-მდე ელიან. ფართო მოხმარების საგნებსა და საკვებზე ფასების ზრდის მიმდინარე ტენდენციამ შესაძლოა რეგიონის ზოგიერთ ეკონომიკაში ინფლაცია გაზარდოს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Media Contact