ADB-ის 2019 წლის ოპერაციებმა $33.74 მილიარდი შეადგინა

News Release | 18 May 2020

მანილა, ფილიპინები (18 მაისი, 2020წ.) — აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტების, პროგრამებისა და სხვა განვითარების დახმარების დაფინანსებამ ბანკის განვითარებადი წევრებისთვის აზიასა და ოკეანეთში 2019 წელს 33.74 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ხაზს უსვამს ADB-ის მტკიცე მხარდაჭერას რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი განვითარებისთვის.

დღეს გამოქვეყნებული ADB-ის წლიური ანგარიში 2019 წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტს 2019 წელს — ბანკის გრძელვადიანი კორპორატიული სტრატეგიის 2030-ის განხორციელების პირველ სრულ წელს — მიღწეული ADB-ის ოპერაციული და ფინანსური შედეგების შესახებ.

„კმაყოფილი ვარ ჩვენი 2019 წლის მუშაობით, ხოლო 2020 წელს უკვე არსებული შედეგები იმედით მავსებს,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „ამ მიღწევებზე დაყრდნობით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიასთან გამკლავებაში დროული და სათანადო დახმარება გავუწიოთ ჩვენ წევრებს.“

მიმდინარე წლის 13 აპრილს კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის ADB-მ დაამტკიცა 20 მილიონი აშშ დოლარის პაკეტი ფართომასშტაბიანი მოქმედებისა და პროგრამებისთვის, მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების მიერ პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

2019 წელს ბანკის მიერ აღებულმა ახალმა ვალდებულებებმა სესხების, გრანტების, ინვესტიციების და გარანტიების სახით ADB-ის პირადი რესურსებიდან, მისი განვითარებადი წევრების ზრდისა და განვითარების გეგმების ხელშესაწყობად  21.64 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს გაცემულმა თანხებმა ­— რაც პროექტების წარმატებული განხორციელების მთავარი ინდიკატორია — რეკორდულ 16.47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წლის მონაცემებს 16.1%-ით აღემატება.

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებმა 2019 წელს $3 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, რაც ასეთი მაჩვენებლის ზედიზედ მეორე წელია და კერძო სექტორის ინვესტიციების ახალ დარგებსა და ბაზრებზე გასვლის გეგმებს ასახავს.

2019 წელს თანადაფინანსებამ 11.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 6.98 მილიარდი კერძო სექტორის ოპერაციებზე მოდის.

ADB-ის მიერ კლიმატის დაფინანსებამ 2019 წელს რეკორდულად მაღალი 6.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამით ბანკმა ერთი წლით ადრე მიაღწია წლიური კლიმატის ინვესტიციების გაორმაგების დასახულ მიზანს 2014 წელს არსებული 3 მილიარდი აშშ დოლარიდან. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ADB-ის მხარდაჭერა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისადმი. სტრატეგია 2030-ის სამიზნე ნიშნულია კლიმატის ჯამური დაფინანსება 2024 წლისათვის 35 მილიარდი აშშ დოლარით, ხოლო 2030 წელს — 80 მილიარდი აშშ დოლარით.

ADB ასევე მუშაობს სტრატეგია 2030-ში გენდერული თანასწორობის წახალისების დასახული მიზნის შესასრულებლად, მისი ოპერაციების მინიმუმ 75%-ში.

ADB-ის წლიური ანგარიში უკვე მეორე წელია ციფრულ ფორმატში გამოიცემა მდიდარი მულტიმედია შემადგენლობით, ხოლო წლევანდელი ეკომეგობრული ვერსია სრულად ციფრულია: www.adb.org/ar2019/digital.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.