fbpx აზიის ობლიგაციების ბაზარი ფართოვდება; ბინათმშენებლობის და მწვანე ობლიგაციები ზრდის პოტენციალს ამჟღავნებს | Asian Development Bank

აზიის ობლიგაციების ბაზარი ფართოვდება; ბინათმშენებლობის და მწვანე ობლიგაციები ზრდის პოტენციალს ამჟღავნებს

News Release | 19 June 2019

მანილა, ფილიპინები (2019 წლის 19 ივნისი) — აზიის განვითარების ბანკის (ADB) „Asia Bond Monitor“-ის ბოლო პუბლიკაციის თანახმად ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციის ბაზრები განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გაფართოებას განაგრძობდა, სავაჭრო კონფლიქტებისა და გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად. კვარტლური ანგარიშის თანახმად, მომავალში ზრდის პოტენციალს ავლენს ბინათმშენებლობა და მწვანე ობლიგაციები.

„რეგიონის ობლიგაციების ბაზრები მყარ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა რისკები მაინც არსებობს,“ - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. - „ამასთან, ვხედავთ ბინათმშენებლობის ობლიგაციების განვითარების პოტენციალს ურბანიზაციის კვალდაკვალ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნის დასაფინანსებლად, ხოლო მწვანე ობლიგაციების განვითარების შესაძლებლობას - სუფთა ენერგიის წყაროებისა და სხვა ეკოლოგიურად უსაფრთხო პროექტების დასაფინანსებლად.”

მარტის ბოლოს განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში მიმოქცევაში იყო 15 ტრილიონი აშშ დოლარის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციები, რაც 2,9%-ით აღემატება 2018 წლის ბოლოს არსებულს და 14,0%-ით - 2018 წლის მარტის ბოლოს არსებულ მონაცემებს. ამავე დროს, რეგიონში ობლიგაციების გამოშვებამ პირველ კვარტალში 1,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10,0%-ით აღემატებოდა 2018 წლის ბოლო კვარტლის მდგომარეობას, მეტი სახელმწიფო ვალის გამოშვების ფონზე.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; ჰონგ კონგს, ჩინეთი; ინდონეზიას, კორეის რესპუბლიკას, მალაიზიას, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2019 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა შედეგებმა უცხოური ინვესტორების მოლოდინს გადააჭარბა. ინდონეზიაშიც უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ფილიპინებში ინვესტორთა მიერ მოგების განაღდებამ უცხოური ინვესტიციების საგრძნობი კლება გამოიწვია. ტაილანდში არჩევნების გამო შექმნილ არამდგრად გარემოს უცხოელმა ინვესტორებმა მოოლოდინის რეჟიმზე გადასვლით უპასუხეს.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს 9,3 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის მთავრობის ობლიგაციები განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის მთლიანი ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების 61,7%-ს შეადგენდა, რაც 2018 წლის მარტთან შედარებით 14,0%-იანი ზრდაა. ამავე დროს, მიმოქცევაში იყო 5.8 ტრილიონი აშშ დოლარის კორპორაციული ობლიგაცია, რაც 14,2%-ით აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მოცულობის თვალსაზრისით კვლავ რჩება განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის უმსხვილეს ობლიგაციების ბაზრად რეგიონში, მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების 75,3%-ით. მალაიზია ფლობდა „სუკუკის“ ანუ ისლამური ობლიგაციების უდიდეს ბაზარს, ხოლო კორეის რესპუბლიკას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში  ბონდების მთლიან შიდა პროდუქტთან უდიდესი თანაფარდობა  - 125.6% ჰქონდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის განვითარება მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მეტად ხელმისაწვდომს გახდის იპოთეკურ სესხებს. ასევე მოხდება ბინათმშენებლობის დაფინანსების დივერსიფიკაცია, რასაც ტრადიციულად  კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ. ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის მეშვეობით დაფინანსება შეამცირებს დაფარვის ვადებს შორის შეუსაბამობას ბინის მესაკუთრეთა ტრადიციულად გრძელვადიანი სესხებისა და მოკლევადიანი საბანკო სესხების პირობებში. ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის განვითარება ქვეყნებს ფინანსების მოძიებაში დაეხმარება უფრო მეტი ბინის ასაშენებლად, რაც დააკმაყოფილებს ბინებზე გაზრდილ მოთხოვნას. ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს, აზიის მწვანე ობლიგაციების ბაზრის უწყვეტი განვითარება ეხმარება რეგიონს კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და ადაპტაციის პროექტების დაფინანსებაში. მაგალითად, „ინდონეზიის ტროპიკული ლანდშაფტის დაფინანსების მექანიზმით“ უზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებით თებერვალში  მდგრადი ბუნებრივი კაუჩუკის პლანტაცია დაფინანსდა, ხოლო კორეის წყლის რესურსების კორპორაციამ აზიაში პირველი წყლის ობლიგაცია გაყიდა წყლის მართვის მდგრადი სისტემების დასაფინანსებლად.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.