მანილა, ფილიპინები (6 მარტი 2020) — ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს განვითარებადი აზიის ეკონომიკებს მრავალი მიმართულებით, მათ შორის გამოიწვევს შიდა მოთხოვნის, ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის შემცირებას, ხელს შეუშლის ვაჭრობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჯანდაცვაზე — ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლადგამოქვეყნებულ კვლევაში.  

ეკონომიკური ზარალის მაგნიტუდა ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, რაც კვლავაც არაპროგნოზირებადია. კვლევაში განხილული შესაძლო რამდენიმე სცენარის მიხედვით ვირუსის მსოფლიო ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე, ანუ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.1-დან 0.4 პროცენტამდეა ნავარაუდები.

საშუალო სიმწვავის სცენარის მიხედვით, სადაც სიფრთხილის ზომები და შეზღუდვები, როგორიცაა მოგზაურობის შეზღუდვა ვირუსის გავრცელებიდან 3 თვის შემდეგ შემსუბუქდება, — და ეს შეზღუდვები იანვრის ბოლოს დაწესდა, — მსოფლიო დანაკარგებმა შესაძლოა 156 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მსოფლიო მშპ-ს 0.2 პროცენტი შეადგინოს. აღნიშნული დანაკარგებიდან 103 მილიარდი აშშ დოლარი შესაძლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოვიდეს ანუ ქვეყნის მშპ-ის 0.8 პროცენტი მოიცვას. დანარჩენი განვითარებადი აზიის ქვეყნებმა ჯამში შესაძლოა 22 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მშპ-ის 0.2 პროცენტი იზარალოს. 

“COVID-19-თან დაკავშირებით მრავალი გაურკვევლობაა, მათ შორის მისი ეკონომიკური ზემოქმედება, — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. — შესაძლო მოსალოდნელი დანაკარგების უფრო ცხადი სურათი შესაქმნელად მრავალი სხვადასხვა სცენარის გამოყენებაა საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ანალიზი მთავრობებს დაეხმარება ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგების შესასუსტებლად ზუსტი და გადამჭრელი ნაბიჯები გადადგან.“

COVID-19-ის სავარაუდო მსოფლიო და რეგიონული ზემოქმედება, განვითარების სხვადასხვა სცენარის მიხედვით

საუკეთესო სცენარი

საშუალო სიმწვავის სცენარი

ყველაზე ცუდი სცენარი

მშპ-ის პროცენტი 

დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში

მშპ-ის პროცენტი   

დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში

მშპ-ის პროცენტი   

დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში

მსოფლიო

–0.1

$77

–0. 2

$156

–0.4

$347

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

–0.3

$44

–0.8

$103

–1.7

$237

განვითარებადი აზია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოკლებით

–0.2

$16

–0.2

$22

–0.5

$42

დანარჩენი მსოფლიო

 0.0

$17

  0.0

$31

  0.0

$68

წყარო: ADB-ის გამოთვლები

კვლევა - კორონავირუსის ეკონომიკური ზემოქმედება განვითარებად აზიაზე წარმოადგენს ყველა შესაძლო განხილული სცენარის ანალიზს. მასში ასევე მოცემულია სავარაუდო ზარალი განვითარებადი აზიის კონკრეტულ ქვეყნებსა და ამ ეკონომიკების ცალკეულ სექტორებზე — მათ შორისაა ჰიპოთეტური „ყველაზე ცუდი სცენარი“ მოცემული ეკონომიკისთვის ვირუსის მნიშვნელოვანი გავრცელების შემთხვევაში. აღნიშნული ვარაუდები არ უნდა იქნას განხილული როგორც ვირუსის გავრცელების პროგნოზი, არამედ მისი მიზანია შესაბამისი ზომების მისაღებად მთავრობების დახმარება.

ყველა შესაძლო სცენარი და შეფასებები მოცემულია ADB-ის ვებგვერდზე და ვითარების განვითარების მიხედვით განახლდება.

დღეისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ADB-ს გამოყოფილი აქვს 2 მილიონი აშშ დოლარი (ამის შესახებ 7 თებერვალს განაცხადა) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დიდი მეკონგის ქვერეგიონში ვირუსის გამოვლენის, პრევენციისა და შესაბამისი რეაგირებისთვის; 26 თებერვალს მომდევნო 2 მილიონი აშშ დოლარი ADB-მა ორგანიზაციის ყველა განვითარებადი წევრის დასახმარებად გამოიყო. ასევე 25 თებერვალს 130 მილიონი ჩინური იუანის (18.6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის კერძო სექტორის სესხი გაიცა უჰანში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანიისთვის —  Jointown Pharmaceutical Group Co. Ltd საჭირო სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდების შესანარჩუნებლად.

ADB მზადაა განაგრძოს კორონავისურის შედეგების წინააღმდეგ მისი განვითარებადი წევრების მხარდაჭერა. ამისათვის ADB გამოიყენებს ყველა საჭირო საშუალებას  იქნება ეს ახალი ფინანსური დახმარება, სასწრაფო სასესხო დახმარება, რეფორმების დაფინანსება, კერძო სექტორის ინვესტიცია თუ ცოდნითა და ტექნიკური დახმარება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Media Contact