განვითარებად აზიაში 2021 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან

News Release | 28 April 2021

მანილა, ფილიპინები (28 აპრილი, 2021წ.) — განვითარებად აზიაში ეკონომიკა წელს 7.3%-ით გაიზრდება ჯანსაღი გლობალური აღდგენისა და კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) ვაქცინების სწრაფი პროგრესის ფონზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის — ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემის თანახმად, მოსალოდნელ აღდგენას გასულ წელს წინ უძღოდა 0.2%-იანი შემცირება. 2022 წელს რეგიონის ზრდა უფრო ზომიერად 5.3%-თაა მოსალოდნელი. ჰონგ კონგის, ჩინეთის; კორეის რესპუბლიკის; სინგაპურისა; და ტაიპეის, ჩინეთის ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების გამოკლებით, მოსალოდნელია, რომ განვითარებადი აზიის ეკონომიკური აქტივობა 7.7%-ით გაიზრდება მიმდინარე წელს, ხოლო 5.6%-ით - 2022 წელს.

“განვითარებად აზიაში იმატებს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კოვიდ-19-ის ახალი ტალღები საფრთხეს უქმნის აღდგენას,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. “რეგიონის ეკონომიკები ერთმანეთისგან განსხვავებულ გზას ადგანან. მათ ტრაექტორიას განსაზღვრავს პანდემიის შიდა ტალღების მასშტაბი, ვაქცინაციის ტემპი და ის, თუ რამდენად სარგებლობენ გლობალური აღდგენით.”

ექსპორტის ზრდა ბიძგს აძლევს განვითარებადი აზიის ზოგიერთი ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკურ აქტივობს, მათ შორის მანუფაქტურის აღდგენას. კოვიდ-19-ის ვაქცინების წარმოებისა და მიწოდების მხრივ მიღწეულმა წინსვლამ ხელი შეუწყო ამ იმპულსს, მაგრამ პანდემია უდიდეს რისკად რჩება რეგიონისთვის, რადგან ვაქცინაციის შესაძლო დაგვიანებამ ან პანდემიის მნიშვნელოვანმა ახალმა ტალღებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზრდას. სხვა რისკებს შორისაა გეოპოლიტიკური დაძაბულობის მატება, წარმოების შეფერხება, ფინანსური რყევები გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამო, და გრძელვადიანი ზიანი - მაგალითად, სკოლების დახურვის გამო სწავლასთან დაკავშირებული დანაკარგები.

განვითარებადი აზიის უმრავლეს ეკონომიკებს მიმდინარე და 2022 წელს ჯანსაღი ზრდა ექნებათ. ცენტრალური აზიის ეკონომიკების ზრდა მოსალოდნელია საშუალოდ 3.4%-ით მიმდინარე და 4.0%-ით მომავალ წელს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ვაჭრობაზე დამოკიდებული ეკონომიკები აღდგება, საერთო სუბრეგიონული მაჩვენებლით 4.4%-ით მიმდინარე წელს და 5.1%-ით 2022 წელს, 2020 წელს 4.0%-იანი შემცირების შემდეგ. წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკები, რომლებზეც ჯერ ისევ ახდენს გავლენას მოგზაურობის გლობალური შეზღუდვები და ტურიზმის ვარდნა, მიმდინარე წელს უმნიშვნელოდ, 1,4%-ით, ხოლო მომდევნო წელს 3.8%-ით გაიზრდება.

ძლიერი ექსპორტი და შიდა მოხმარების ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარე წელს ბიძგს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა ნავარაუდევია 2021 წელს 8.1%-ით და 2022 წელს 5.5%-ით. აღმოსავლეთ აზიის მშპ-ის ზრდა მოსალოდნელია 2021 წელს 7.4%-ით  და 2022 წელს 5.1%-ით.  

ძლიერი ვაქცინაციის ფონზე, ინდოეთის ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელია 11.0%-ით 2021 ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 2022 წლის 31 მარტს დასრულდება. თუმცა, ბოლო პერიოდში კოვიდ-19-ის შემთხვევების გახშირებამ, შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს აღდგენა. ინდოეთის მშპ-ის 7.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი 2022 ფისკალურ წელს. მიმდინარე წელს, სამხრეთ აზიის მშპ-ის ზრდის აღდგენა მოსალოდნელია 9.5%-მდე, 2020 წელს 6.0%-იანი შემცირების შემდეგ, ხოლო მომდევნო წელს აღმავალი ტენდენცია უფრო ზომიერი გახდება და 6.6%-ს შეადგენს.

ინდოეთსა და ჩინეთში სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირების გამო, განვითარებად აზიაში ინფლაციის დონის 2.3%-მდე დაწევას ელოდებიან გასული წლის 2.8%-იანი ნიშნულიდან. რეგიონის ინფლაციის დონის მატება მოსალოდნელია 2022 წელს 2.7%-მდე.

ანგარიშში ასევე განხილულია განვითარებად აზიაში პანდემიის გამო სკოლების დახურვით მიღებული ზარალი. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მხოლოდ ნაწილობრივაა ეფექტური, რადგან მრავალ მოსწავლეს კომპიუტერსა და ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. აღნიშნული შეფერხებები აისახება მოსწავლეთა მიერ შეძენილ უნარებზე, საბოლოოდ კი, მათ პროდუქტიულობაზე, მომავალ დასაქმებასა და შემოსავალზე. სწავლების დანაკარგები წელიწადში 8.0%-დან იწყება წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც სკოლები უმეტესად მუშაობდა  და 55%-ს აღწევს სამხრეთ აზიაში, სადაც სკოლები ყველაზე ხანგრძლივად დაიხურა. მოსწავლეების მომავალი შემოსავლების შემცირების დღევანდელი ღირებულება განვითარებად აზიაში  შეფასებულია, როგორც 1.25 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც რეგიონის 2020 წლის მშპ-ის 5.4%-ის ეკვივალენტს შეადგენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.