fbpx განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზრები რისკების მიუხედავად ზრდას აგრძელებს | Asian Development Bank

განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზრები რისკების მიუხედავად ზრდას აგრძელებს

News Release | 18 September 2019

მანილა, ფილიპინები (2019 წლის 18 სექტემბერი) — განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზარი სტაბილურად იზრდებოდა 2019 წლის მეორე კვარტალში, ზრდის ტემპის კლების რისკების მიუხედავად, რაც დაკავშირებული იყო მიმდინარე სავაჭრო კონფლიქტებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე სწრაფ შემცირებასა და გლობალური ზრდის შემცირებასთან, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) აზიის ობლიგაციების მონიტორის (Asia Bond Monitor) კვარტალურ ანგარიშში.

“განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში უცხოური ინვესტიციები სტაბილურობას ინარჩუნებს, მაგრამ კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პოტენციური რისკები. რეგიონის ფინანსურ სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, თუ გლობალური ინვესტორები  განვითარებად ბაზრებთან დაკავშირებით აზრს შეიცვლიან,“ - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. - „სასურველია, რომ რეგიონის ქვეყნების მთავრობებმა განაგრძონ ადგილობრივი ვალუტის ფასიანი ქაღალდების ბაზრების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ დაფინანსების საიმედო ადგილობრივი წყაროს როლის შესრულება.”

განვითარებადი აღმოსავლეთ აზია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; ჰონგ კონგს, ჩინეთი; ინდონეზიას, კორეის რესპუბლიკას, მალაიზიას, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

რისკების მიუხედავად, მეორე კვარტალში განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზრებზე უცხოური ინვესტიციების სტაბილურობა შენარჩუნდა. ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციებში უცხოურ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მთავრობის მხრიდან დამატებითი ეკონომიკური სტიმულის მოლოდინში და ინდონეზიაში საკრედიტო რეიტინგების განახლების ფონზე.  უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაეცა კორეის რესპუბლიკაში, მალაიზიასა და ფილიპინებში სხვადასხვა შიდა ფაქტორის გამო.

ივნისის მიწურულს განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში 15.3 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაცია ირიცხებოდა, რაც 3.5%-ით მეტია აშშ დოლარში მიმდინარე წლის მარტის მიწურულთან და 14.2%-ით მეტია 2018 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით. განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში მეორე კვარტალში გამოიცა 1,6 ტრილიონ აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები, რაც 12,2%-ით აღემატება პირველი კვარტლის მონაცემებს სახელმწიფო ობლიგაციების დიდი რაოდენობით გამოშვებისა და კორპორაციული ობლიგაციების გამოშვების განახლების ხარჯზე.  

ივნისის მიწურულს, 9,4 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი ვალუტის სახელმწიფო ობლიგაცია ირიცხებოდა, რაც 13.6%-ით მეტია 2018 წლის ივნისის მიწურულთან შედარებით. კორპორაციული ფასიანი ქაღალდების მოცულობამ 5,8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით აღემატება 2018 წლის ივნისის მონაცემებს.

მეორე კვარტალში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რჩებოდა განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ობლიგაციების ბაზრად, რაც რეგიონის სრული სავალო ფასიანი ქაღალდების 75,3%-ს შეადგენდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადგილობრივი სახელმწიფო ობლიგაციების მოცულობა 5,4%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით, რაც ყველაზე სწრაფია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველა კატეგორიის ობლიგაციასთან შედარებით. ზრდას ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მთავრობის დირექტივების შემდეგ, რომელთა მიზანი იყო სპეციალური ობლიგაციების გამოშვების და გამოყენების ხელშეწყობა ეკონომიკური ზრდის, ფინანსური ინფრასტრუქტურისა და სხვა განვითარების პროექტების მხარდასაჭერად. ივნისის მიწურულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან  84.6%-ს შეადგენდა 2018 წლის ივნისის მონაცემთან - 78.8%-თან შედარებით.

აზიის ობლიგაციების მონიტორი მოიცავს დისკუსიის სამ ჩარჩოს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს განვითარებადი ბაზრის ვალუტებზე აშშ-ის სავალუტო პოლიტიკის რყევების რისკის გავლენაზე; შიდა კაპიტალის ბაზრების, როგორც დაფინანსების წყაროს მნიშვნელობაზე განვითარებადი ბაზრების კორპორაციებზე; და ფინანსური ბაზრების გამოწვევებზე საყოველთაოდ გავრცელებული ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსისგან (LIBOR) განსხვავებული სხვა საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.