13 ოქტომბერს აზიის განვითარების ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეკრების ფარგლებში გლობალურ ინფრასტრუქტურულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა მდგრადი, ხელმისაწვდომი და მედეგი ინფრასტუქტურის განვითარებისთვის წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მათი განვითარების პარტნიორებს შორის ტექნოლოგიური ბერკეტების გაძლიერებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ინფრასტრუქტურის ფორუმზე ასევე განიხილეს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და მათი პარტნიორების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო სახსრების მოძიების საკითხი.
წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკების (სგბ) ხელმძღვანელებმა მწუხარება გამოხატეს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მომხდარი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მედეგი, მრავალმხრივი და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას.
წელს გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმი პირველად ჩატარდა აშშ-ის საზღვრებს გარეთ და ის ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტმა იუსუფ კალამ გახსნა.
ბანკები თანამშრომლობის შემდგომ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ:
- ტექნიკური დახმარებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაზრდა ცოდნის გაზიარების მიზნით;
- ცოდნის გაზიარება საერთო ღონისძიებების ჩატარებით, რაც ხელს შეუწყობს საბანკო პროდუქტების შექმნას;
- სგბ-ების თანამშრომლობის გზით მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა;
- მდგრადი ფინანსური რესურსის მობილიზება;
- მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ხელშეწყობა;
- ინფრასტრუქტურისა და კადრების მომზადების სფეროებში ნაკლოვანებების გამოვლენა, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებში, პატარა კუნძულებზე არსებულ განვითარებად სახელმწიფოებსა და აფრიკის ქვეყნებში.
ინფრასტრუქტურის ფორუმმა კერძო სექტორში მოღვაწე ინვესტორებსა და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად შეკრიბა ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა აფრიკის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, ისლამური განვითარების ბანკი, ახალი განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი.
ფორუმზე ორი მთავარი სესია გაიხსნა - პირველზე მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი ტექნოლოგიები-მზის ენერგიის სისტემები, ბლოკჩეინები და დიდი ინფორმაციული ბაზები განიხილეს. მეორე კი ინფრასტრუქტურაში კერძო ფინანსების გაზრდის შესაძლებლობებს დაეთმო.
შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს ტექნოლოგიური პროგრესის მომხმარებლებამდე მიტანის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადების წარმატებული მაგალითების, გლობალური ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებებისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინოვაციური კლიმატური გადაწყვეტილებების დაფინანსების გაზრდის შესახებ.
ინფრასტრუქტურული განვითარება მსოფლიო მასშტაბის პრიორიტეტია. დედამიწაზე დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, ხოლო 660 მილიონზე მეტს სუფთა დასალევი წყალი არ მიეწოდება. მსოფლიო საზოგადოების მდგრადი განვითარების დასახულ მიზნებში ელექტროენერგიისა და სუფთა წყლის მიწოდება პრიორიტეტების სიის სათავეში უნდა იდგეს. ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები, როგორიცაა გაუმჯობესებული სატრანსპორტო სისტემებისა და ინოვაციური კლიმატური გადაწყვეტილებების დაფინანსება, ინფრასტრუქტურული დეფიციტის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ეს ასევე დადებითად იმოქმედებს კლიმატის ცვლილებებისა და ბუნებრივ კატასტროფების წინაში მედეგი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული 13 განვითარების ბანკის საერთო ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო განვითარების ბანკებისა და განვითარების ფინანსური ინსტიტუტების მიერ 2017 წელს ინფრასტრუქტურის - ენერგიის, წყლის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების განვითარების მიზნით გრძელვადიანი კერძო და ინსტიტუციური საინვესტიციო თანადაფინანსების სახით 73.3 მილიარდი დოლარი იქნა მობილიზებული, მაშინ, როდესაც 2016 წელს, ამ ციფრმა 68.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.