სინგაპური (23 ოქტომბერი 2018) — აზიის განვითარების ბანკის (აგბ) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მზარდი საზღვართშორისი გამოწვევების დაძლევაში, როგორიცაა - ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებები, ფინანსური რყევები, სავაჭრო კავშირების გაძლიერება, კლიმატისა და სტიქიური უბედურების წინაშე მედეგობა - განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს რეგიონული თანამშრომლობა ასრულებს.

2018 წლის აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის ანგარიშში (აეია) ნათქვამია, რომ საერთო რეგიონული კეთილდღეობის შესაქმნელად კოლექტიური ნაბიჯები გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ცალკეული ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად გატარებული ზომები, რაც ასევე გავლენას ახდენს მეზობელ სახელმწიფოებზე.

საერთო რეგიონული კეთილდღეობა არის პროდუქტების, მომსახურებათა სახესხვაობისა და პოლიტიკის ან წესების სისტემათა ერთობლიობა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს რამდენიმე ქვეყანაზე. ასეთია მაგალითად, საზღვართშორისი ინფრასტრუქტურა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი და ბუნებრივ უბედურებათა რისკების მართვა.

„გაძლიერებული რეგიონული თანამშრომლობა და კოორდინირება ხელს შეუწყობს რეგიონული პრობლემების უფრო ეფექტიანად გადაჭრას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეროვნული და გლობალური სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.“ - განაცხადა აგბ-ს მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. „საერთაშორისო განვითარების ბანკებს აქვთ შესაძლებლობა გაზარდონ საერთო რეგიონული კეთილდღეობა პროფესიული ცოდნისა და ფინანსური დეფიციტის აღმოფხვრის გზით, ისევე როგორც ქვეყნებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მისაღწევად უწყვეტი დიალოგის ხელშეწყობით.“

ანგარიშში მითითებულია აზიის რეგიონის ქვეყნების არაერთი მცდელობა საერთო რეგიონული კეთილდღეობის შექმნისა და გაძლიერების მიმართულებით. მაგალითად, 2014 წელს აზიის 18 ლიდერმა მიზნად დაისახა რეგიონში 2030 წლისათვის მალარიის აღმოფხვრა და ამან ქვეყნებს საერთო ინტერესებისთვის გაერთიანებისკენ უბიძგა. აგბ-ს მიერ მეკონგის აუზის ქვერეგიონში განხორციელებული ჯანდაცვის უსაფრთხოების პროექტი, რომელიც მიმართული იყო მეკონგის აუზის სასაზღვრო რეგიონებში ინფექციური დაავადებების კონტროლისაკენ, ამ ძალისხმევის ნაწილია. ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრ ქვეყნებში ვაჭრობის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება რეგიონზე შიდარეგიონული ვაჭრობის გააქტიურებითა და დამატებითი ეკონომიკურ ზრდით აისახა.

2017 წელს აზიის შიდარეგიონულმა ვაჭრობამ მისი მთლიანი გლობალური ვაჭრობის 57.8% შეადგინა და 2016 წელთან შედარებით (57.2%)  უმნიშვნელოდ გაიზარდა. რეგიონული ვაჭრობის აღმასვლა შესაძლოა გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვის ზრდით იყოს განპირობებული, რაც 2012 წლის შემდეგ შეფერხებას განიცდიდა. შიდარეგიონული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე მცირედით 2016 წლის 254.7 მილიარდი აშშ დოლარიდან 2017 წელს 260 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მჭიდრო სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები შესაძლოა რეგიონისთვის გლობალურ ეკონომიკაში არსებული რყევების შემაკავებელ ფაქტორად იქცეს. თუმცა, ის ასევე იძლევა გაფრთხილებას, რომ  სავაჭრო პოლიტიკაში არასტაბილურობა შესაძლოა გახდეს რეგიონული და გლობალური ვაჭრობის გამოცოცხლების შემაფერხებელი ფაქტორი, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ქცევაზე, ბიზნესისადმი ნდობასა და ინვესტიციების მოდინებაზე.

აგბ-ს აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ინდექსის (ARCII) მიხედვით აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაცია მცირედით 2015 წლის 0.525 მაჩვენებლიდან 2016 წელს 0.530-მდე გაიზარდა და დადებითად იმოქმედა ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებაზე. ინდექსი აერთიანებს 6 ქვეინდექსს - ვაჭრობა და ინვესტიციები, ფული და ფინანსები, რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვი, ინფრასტრუქტურა და შემაკავშირებელი გზები, ადამიანების მიმოსვლა, ინსტიტუციური და სოციალური ინტეგრაცია.

აგბ-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 67 ქვეყანას, მათ შორის 48  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2017 წელს აგბ-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 32.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 11.9 მილიარდი თანადაფინანსების სახით.

Media Contact