ტოკიო, იაპონია (2019 წლის 25 სექტემბერი) — ეფექტური სატრანსპორტო ქსელი და ხელმისაწვდომი ბინათმშენებლობაა საჭირო, რათა განვითარებადი აზიის მზარდმა ქალაქებმა შეინარჩუნონ ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ფუნქცია, რაც გამყარებული იქნება ეფექტიანი და კოორდინირებული მიწათსარგებლობისა და ეკონომიკური დაგეგმარებით, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) „აზიის განვითარების პროგნოზის“ (Asian Development Outlook) დღეს გამოქვეყნებული 2019 წლის განახლებული გამოცემის თემატურ თავში.

“აზიის ქალაქები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციებს, თუმცა არ შეიძლება ეს ათწლეულებზე გათვლილ გეგმად განვიხილოთ,” — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ბატონმა იასუიუკი სავადამ. — “უმნიშვნელოვანესია სუსტი ინფრასტრუქტურის, გადატვირთული სატრანსპორტო ქსელების, განაშენიანების, განათლებისა და ჯანდაცვის გამოწვევების დაძლევა, რათა ქალაქები და ქვეყნები განვითარების მამოძრავებელ ძალად დარჩნენ.“ 

2017 წლისთვის ქალაქის მოსახლეობის რიცხვი განვითარებად აზიაში ხუთჯერ —  1970 წლის მონაცემებით არსებული 375 მილიონიდან 1.84 მილიარდამდე გაიზარდა. 2050 წლისთვის მოსალოდნელია მოსახლეობის 3 მილიარდამდე ზრდა, რაც რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 64%-ს შეადგენს. ქალაქები გეოგრაფიულადაც იზრდება, ხშირად სცდება წინასწარ განსაზღვრულ ადმინისტრაციულ საზღვრებს, აკავშირებს მიმდებარე ტერიტორიებს  და ქმნის ქალაქების დაჯგუფებებს.

სხვადასხვა ქვეყანაში ქალაქის განსაზღვრება განსხვავებულია. ღამის სატელიტური დაკვირვებისა და მოსახლეობის შესახებ გეოგრაფიული მონაცემების გამოყენებით, რაც მოსახლეობის ფაქტობრივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შეფასებას ითვალისწინებს ADB ადგენს, რომ 2016 წელს განვითარებად აზიაში  1459 ე. წ. „ბუნებრივ ქალაქი“ არსებობდა. აღნიშნულ ბუნებრივ ქალაქებში, ტერიტორიის 2,3%-ზე თავმოყრილია განვითარებადი აზიის მოსახლეობის 34.7%. რაოდენობით ყველაზე მეტი - 680 ქალაქი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იყო, მომდევნო ადგილზეა ინდოეთი - 320 ქალაქით, ინდონეზია - 93, და პაკისტანი - 63 ქალაქით. ჯამში, აღნიშნულ ოთხ ქვეყანაზე განვითარებადი აზიის ბუნებრივი ქალაქების 80% მოდიოდა.

დროთა განმავლობაში, აღნიშნული ბუნებრივი ქალაქების დიდი ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდა და 2016 წლისთვის თავი მოიყარა ქალაქების 124 დაჯგუფებამ, რომელთაგან 28-ზე — 10 მილიონ ადამიანზე მეტი მოდის. აქედან 8 ჯგუფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 7 ინდოეთში, 3 ინდონეზიაში, ორ-ორი კორეის რესპუბლიკასა და ვიეტნამში და თითო ბანგლადეშში, მალაიზიაში, პაკისტანში, ფილიპინებში, ტაიპეიში, ჩინეთი და ტაილანდში დაფიქსირდა. უდიდესი საქალაქო დაჯგუფება გარს აკრავს შანხაის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რაც ერთმანეთთან აკავშირებს 53 ბუნებრივ ქალაქს, რომლებიც პროვინციის დონის 4 ადმინისტრაციულ რეგიონს განეკუთვნება.

მზარდი სამუშაო ადგილების ბაზრის ფუნქციის შესასრულებლად ქალაქებს ესაჭიროებათ ხელმისაწვდომი, ეფექტური და კარგად რეგულირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც აერთიანებს მატარებლებს, ავტობუსებს, კერძო მანქანების მიერ მგზავრების გადაყვანისა და ისეთ არაფორმალურ სერვისებს - როგორიცაა სამარშრუტო ტაქსები (ჯიპნი) და ავტო-რიქშა. ეს შეამსუბუქებს გადატვირთულ სატრანსპორტო ქსელებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მანილა, ფილიპინები; კუალა ლუმპური, მალაიზია; და იანგონი, მაინმარი. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიწის გამოყოფა ხელმისაწვდომი სახლების, საზოგადოებრივი კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელების გასამართად. ანგარიშში განხილულია 27 ქვეყნის 211 ქალაქი და დასკვნის თანახმად მათ 90%-ში ბინების ფასი ძალიან მაღალია, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ხელმიუწვდომელია.

საჭიროა გრძელვადიანი სივრცითი და ეკონომიკური დაგეგმარების არსებობა და კოორდინირება საქალაქო ტერიტორიებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ურბანიზაციის სისწრაფისა და დაჯგუფებების შექმნის ტენდენციის გათვალისწინებით. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Media Contact